ბლოგერების კონკურსი

პირველი "ნააზრევი" უკვე გაგვიზიარა ერთმა ბლოგერმა, დანარჩენების ნამუშევრებს ველით. დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტში.

1. ნამუშევარი ბლოგიდან every fish goes to heaven


ერთად ვიკითხოთ მეტი.. გავხდეთ წიგნების თაობა... დავუბრუნოთ ადამიანებს წიგნების სიყვარული...მსგავს მოწოდებებს ხშირად ვხვდებით, თუმცა საინტერესოა ვინ ითვალისწინებს, ვინ ცდილობს რეალურად დაუბრუნოს წიგნებს პოპულარობა... ჩემში პირადად ის უფრო იწვევს ინტერესს თუ როგორ უნდა აიძულო ადამიანს წიგნის კითხვა.

წიგნების პოპულარობა ვახსენე და თან დავფიქრდი...მემგონი ახლანდელ თაობაში იმდენად პოპულარულია აჩვენო თავი ,,განათლებულად’’ , რომ არც თუ ისეთი მივიწყებული თემაა წიგნები... ცუდი ისაა, რომ  რეალურად ძალიან ცოტა ადამიანია ვინც წიგნს საკუთარი სიამოვნებისთვის კითხულობს. პრობლემა სწორედ ესაა..

 წიგნები ავითარებენ  წარმოსახვის უნარს, ამდიდრებს ფანტაზიას. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ  სწორედ ბავშვობაში წაკითხული წიგნების დამსახურებაა ჩვენი შემდგომი ჩამოყალიბება და მსოფლმხედველობა.

წაუკითხავ წიგნებს შურისძიების ძალა აქვთ. ჩემი სიტყვები არა არის, მაგრამ სრულიად ვეთანხმები. სიტყვა ,,უწიგნური’’ მძიმედ ჟღერს, თუმცა სწორედ უწიგნური ადამიანი იჩაგრება ყველაზე მეტად ჩვენ საზოგადოებში. და სამწუხაროდ ბევრია ესეთი.

ადამიანების ცხოვრებაში წიგნი იმაზე დიდ როლს თამაშობს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან უნდა შეიყვარო წიგნის სუნი, ფურცხლების ხმა... ყველაფერი აქედან იწყება.. განათლებას რომ თავი დავანებოთ (არც თუ ისე თავის დასანებებელი თემაა) წიგნი საუკეთესო მრჩეველია, უხილავი გიდია რომელიც გვასწავლის სხვა ადამინების, ნაწარმოებების გმირების, მაგალითზე თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად ან არასწორად. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა არ უნდა დარჩეს ჩვენი თვალთახედვის მიღმა. კარგ ნაწარმოებს დიდი ძალა აქვს. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ... ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელმა პირველმა’’ მოახდინა. ჩემთვის რთულია გადმოვცე რამდენად მადლობელი ვარ ამ წიგნის. ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ვერ შევიცანი ბოლომდე. ეს ნაწარმოებია რომელიც გასწავლის ცხოვრებას და გაჩვენებს სიყვარულის ძალას... დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს.

ჩემს ცხოვრებაში წიგნებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და ახლაც ასეა, საბედნიეროდ. არის პერიოდი როდესაც ვერ იცლი საკითხავად, თუმცა თაროზე ყოველთვის დევს დაუმთავრებელი წიგნი, როგორც კი სიცარიელეს ვგრძნობ იმ წამსვე მივადგები ხოლმე ამ თაროებს და ვივსები ახალი ემოციებით , შთაბეჭდილებებით,ვიცნობს ახალ ადამიანებს და  გადავდივარ სხვა სამყაროში, რეალურად ვისვენებ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კარგი ნაწარმოების წაკითხვას სევდაც მოყვება რომ უკვე დამთავრდა.. და აი ისევ გურამ დოჩანაშვილი და პირველად წაკითხვის ბედნიერება.

ძალიან დიდი მადლობა, იაქტიურეთ <3 ბიტნიკები



2. კიდევ ერთი საინტერესო პოსტი მივიღეთ :) ამჯერად სიყვარულოვნას ბლოგიდან.

ერთხელ ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – წიგნებს”.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაშიო. რა შეიძლება იყოს ეს როლი, თანაც მნიშვნელოვანი? ალბათ ის, რომ წიგნი ანვითარებს ფანტაზიას, ზრდის ლექსიკას, რაც არ უნდა ფანტასტიკა იყოს, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოკლედ, წიგნი საშუალებაა იცოდე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.

მე და წიგნი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. კითხვა რომ ვისწავლე, პირველი რაც წავიკითხე იანუშ კორჩაგის მეფე მათიუშ პირველი იყო. 8 წლის ბიჭი მეფის ტახტზე ავა და ქვეყნის მართვას იწყებს. საკმაოდ მძიმე და რთულად წასაკითხ წიგნს შევეჭიდე 7 წლის ასაკში. და ამის გამო ძალიან ბევრი ფაქტი და დეტალი არ მახსოვს. მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდს ძალიან ხშირად ვადარებ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში. მათიუში გამოსცემს კანონს, რომლის თანახმადაც ბავშვები ივლიან სამსახურებში, ხოლო მშობლები სკოლაში. როდესაც პარლამენტში პირველ მოსმენაზე გაიტანეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივ ცენზს წევდნენ და 21 ხდებოდა სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა – ბავშვები სამსახურებში, თანაც საკმაოდ სერიოზულ სამსახურებში. მეფე მათიუშის სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რაც აქაც მოსალოდნელია ლოგიკურად.

მეფე მათიუშის შემდეგ რამდენიმე წიგნი იყო, რომლის საშუალებითაც დრო სწრაფად და სარგებლიანად გამყავდა. თანაც, თავიდან ვიშორებდი მამაჩემის მუდმივ ფრაზას: “წიგნს შენ არ კითხულობ და არაფერს შენ არ აკეთებ”. თანაც, ყოველთვის მოაყოლებდა რომ, ის რომ ჩემ ხელა იყო, თვეში რამდენიმე წიგნს კითხულობდა, მე კიდევ კაპიტან გრანტის შვილებიც არ წამიკითხავს (დღემდე არ მაქვს წაკითხული სხვათაშორის). რამდენიმე წელში ჩემი და წიგნის ურთიერთობა შეწყდა. ერთი შეხედვით ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ წიგნი სხვა რამეებმა ჩამინაცვლეს. კერძოდ გართობამ. მეუბნებოდნენ, წიგნზე უკეთესი გასართობი არ არსებობსო, მაგრამ არ მჯეროდა.

რამდენიმე წლიანი პაუსის შემდეგ წიგნისკენ გული მომიბრუნდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, ისევ კარგი მეგობრები გავხდით. ნაწილობრივ ჩემი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება სხვის თავს ავი თუ კარგი. სწორედ ამიტომ უპირატესობას სათავგადასავლო ლიტერატურას ვანიჭებ. არ მსიამოვნებს წიგნები, რომლებიც მუდმივად ჭკუას მარიგებენ და გამუდმებით მირჩევენ რაიმეს. მირჩევნია სხვისი საინტერესო ცხვორების თვითმხილველი გავხდე და ჩემით გამოვიტანო დასკვნები პერსონაჟების ცხოვრებიდან, ვიდრე ვინმემ მითითოს, აი ასეა სწორიო.

ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.
არ მიყვარს ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი წიგნები. მსგავს ლიტერატურაში ვეძებ მუდმივად ნაკლს და მხოლოდ იმ ნაკლზე ვამახვილებ ყურადღებას. მაგალითად “წითელი და შავი”, “უცნობი ქალის წერილი” და ა.შ. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ შესაბამის დროს ვერ წავიკითხე და ვერ გავიაზრე. ვინ იცის, იქნება დროთა განმავლობაში ხელახალი წაკითხვისას სულ სხვანაირად შევხედო არსებულ სიტუაციას.

წიგნი შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გახდეს, მოტივაცია აუმაღლოს, სწორი გზა აჩვენოს… უბრალოდ წიგნის სწორად შერჩევა უნდა იცოდე. ჰო, ვფიქრობ ყველაფერს სჭირდება სწორად შერჩევა, სიტუაციას უნდა მოერგოს რომ გართობის გარდა სხვა სარგებელიც მიიღო ამა თუ იმ ლიტერატურიდან.

ერთი მავნე ჩვევა მაქვს. ძალიან მიყვარს წიგნები. მსიამოვნებს თაროს რომ ავხედავ და ჩემი ყველა წიგნი ამაყად და მშვიდად ნებივრობენ მიჩნეულ ადგილას. არ მიყვარს მათი განათხოვრება. რამდენჯერაც წიგნი ვიყიდე საჩუქრად იმდენჯერ დამნანებია ჩუქება. ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის წიგნი და ვცდილობ საკუთარი წიგნების რაოდენობა გავზარდო :>

დიდი მადლობა რომ გვაწვდით თქვენს აზრებს <3 სხვებიც შემოგვიერთდით.
ბიტნიკები.


3.  კიდევ ერთი ბლოგერი შემოემატა ჩვენს კონკურსს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას ჩვენი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სახელით. შემდეგი პოსტი ეკუთვნის – გლეხი ბიჭის ბლოგს

არის ადგილები, რომლებსაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეეხო, ვერ იხილო, ფეხი ვერ დადგა. ამის ან ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ან დრო ან კიდევ სხვა რამ სიკეთე.

არის გრძნობები, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში რამდენჯერმე განიცდის, ზოგი – ერთხელ, ზოგიც ვერასოდეს.

არის სამყაროები, რომელშიც ვერასდროს მოხვდები. ან არის სამყარო, რომელსაც დახუჭული თვალის გახელით  უნდა დანახვა.

არის …

რაღა გავაგრძელო და ბევრი ისეთი ოცნება, ქმედება თუ რამ არსებობს, რაც განუხორციელებელი რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს ფრთაშეუსხმელობები კი სიცარიელეებს ტოვებს ჩვენ შიგნით – იქ, სადაც ყველაზე ნადვილი სამყარო შენდება. მათ ამოვსებაში კი წიგნები გვეხმარებიან – ყველაზე ფერადი აგურები.

წარმოიდგინეთ, რა გეცოდინებოდათ ციურ სამყაროებზე, ღვთაებებზე, სილამაზეზე, სხვადასხვა გრძნობებზე, როგორ გადაცურავდით დედამიწის ორასამდე ზღვას, შემოივლიდით უკლებლივ ყველა კონტინენტს, ნახავდით მიუწვდომელ ადგილებს, გაიჭრებოდით კოსმოსში, როგორ შეხვდებოდით პრინცესებსა და უფლისწულებს,  როგორ დაამარცხებდით ბოროტებას, როგორ იპოვიდით ჭეშმარიტებას…  რომ არა დიდი მეგობრები – წიგნები.

ოდესმე განმარტოებულხართ სიბნელეში საყვარელი წიგნის იმედად?  გიფრენიათ მასთან ერთად?  გითამაშიათ, გიბრძოლიათ, გიმოგზაურიათ? … გამოგიტყდებით და ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი გასართობი იყო სკამებისგან აშენებული სასახლე, რომელსაც საწოლის გადასაფარებელს ვაფარებდი ზემოდან და მის ქვეშ საათობით ვიჯექი. სიბნელეში. მანამ, სანამ დედაჩემის ყვირილი ამ სასახლეს არ დამინგრევდა და ამიკრძალავდა მეორედ მის აგებას (ვინ უსმენდა?!).

ასე აღმოვჩნდი მსოფლიო ერების, ძმები გმირების, პეროს ზღაპრების სამყაროში. მითამაშია პეპისთან, ბიულერბიელ ბავშვებთან, დავდევდი ტომ სოიერს, ჰაკლბერი ფინს. მერე ვოინიჩისეულმა რევოლუციურმა იტალიამაც შემიტყუა, ექიმ-კაპიტნის თავგადასავალმაც. ამ ციხე-კოშკში წავიკითხე  მაინ რიდიც და დიუმაც (ეს უკანასკნელი ცოტა ადრე მომივიდა).

მერე იყო დეტექტივებით მცირეხნიანი გატაცება. მრცხვენია, მაგრამ ქართველი  მწერლების საფუძვლიანი კითხვა მხოლოდ მეათე კლასიდნ დავიწყე. დღეს კი საკუთარი, მხოლოდ ჩემი, საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს ბუკინისტებთან ან წიგნის მაღაზიებში შეძენილი, საჩუქრად მიღებული, ერთი-ორიც უადგილო ადგილას დადებული და ხელს შემთხვევით გამოყოლილი (აჰა, ცოდვაც გაგანდეთ!), მაგრამ შესანახად ნათსავებთან დანაწილებული (ვერ ვგზავნი ჩემებთან, სახლში – არ მინდა, წაღმა უკუღმა ვატარო).

კარგი ბიბლიოთეკა კი მაქვს, მაგრამ  ,,ოდესმე მოვიცლის” იმედად ვარ, რომ საკითხავად ჩავუჯდე. მანამდე კი თვალის შევლებითა და მათი სურნელით ვკმაყოფილდები

ესეც ასე, დროებით, ისევ ველით თქვენს ნამუშევრება <3
პატივისცემით ბიტნიკები .


4. მეოთხე ბლოგერის  ნააზრევი <3 დიდი მადლობა ყველას აქტიურობისთვის, ზედმეტი კომენტარების გარეშე დავიწყოთ :)
საკმაოდ  ვარ ინტერნეტზე დამოკიდებული. ზუსტად აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ჩემთვის წიგნი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე ინტერნეტი. უფრო სწორად მივხვდი. მესამე დღეა რაც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დავიწყე. დავიწყე და და ვეღარც მოვწყდი. თუ ადრე უმეტეს დროს კომპიუტერთან ვატარებდი და ოჯახის წევრებს ჩემს გამო შეზღუდული ჰონდათ(:D ) საერთო სარგებლობის კომპიუტერი გვაქვს), ახლა უპრობლემოდ ვთმობ ინტერნეტსივრცეს. ვიცი წიგნი მელოდება.
რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი? ამ პოსტში მხოლოდ „ძმები კარამაზოვები“ მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნი „ოსტატი და მარგარიტაა“. მას ვერაფერი შეცვლის. ეს არის წიგნი რომელიც, რამდენჯერაც უნდა წავიკითხო, არასოდეს მომბეზრდება და ძველებურად  მოვყავარ აღფრთოვანებაში.
“მე შენი გახრწნა, შენი გადაბირება კი არ მინდა, იქნებ შენი    საშუალებით მე საკუთარი თავის განკურნება მინდა”.
წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
ვერასოდეს, ვერასოდეს შევძლებ ვწერო ისე როგორც – დოსტოევსკი. კლასიკოსს არ ვედრები, ასე ვერ გავკადნიერდები, მაგრამ შეუძლებელია ვინმემ ჩემი ნაწერისგან ისეთივე სიამოვნება მიიღოს, როგორსაც მე ვიღებ დოსტოევსკის კითხვისას.
“თურმე ზოგჯერ, აღტაცებამ კაცი შეიძლება
თვითმკვლელობამდე მიიყვანოს”.

“ნუ შეგაშინებთ ცოდვა, თუკი მას
შეიგრძნობთ, ოღონდ მოინანიეთ იგი
და ღმერთს პირობებს ნუ წაუყენებთ “

„რეალისტში რწმენა
სასწაულიგან კი არ ჩნდება,
არამედ სასწაული ჩნდება რწმენისგან“

ეს ფრაზები ასე თუ ისე, ზოგად  წარმოდგენას შეგიქმნით წიგნის შესახებ. წავედი დავასრულო პირველი ნაწილი, ხვალისთვის მეორე ნაწილის გამოტანას ვგეგმავ ბიბლიოთეკიდან. სამწუხაროდ წიგნების სასტიკ ნაკლებობას განვიცდი და კიდევ კარგი ნაცნობი აღმოვაჩინე ბიბლიოთეკაში, წიგნის გატანაზე არანაირი პრობლემა არ მექნება ...

იაქტიურეთ, ჩვენ ამას ვაფასებთ :)
ბიტნიკები

ბლოგერები უფრო და უდრო აქტიურდებიან , რისთვისაც  ჩვენი და ბაკურ სუაკაურის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მათ:)
რიგით მეხუთე პოსტი ეკუთვნის ბლოგს სახელწოდებით occupygeo.

5. ბანალური დასაწყისი- ჩემი პირველი წიგნი ბიძია თომას ქოხი იყო თუ არ ჩავთვლით მანამდე წაკითხულ მსოფლიო ზღაპრების სერიებს. მახსოვს ვტიროდი და მციოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ქუთაისური აგვისტო იდგა. ამას მოჰყვა, მაინ რიდი, ასტრიდ ლინდგრენი, ჟიულ ვერნი, დიკენსი და ა.შ.
სულ მინდოდა რომ ძილის წინ ჩემთვისაც წაეკითხათ წიგნები მშობლებს მაგრამ 90 -იანებში ამისთვის რატომღაც არავის ეცალა.წლების მანძილზე სანთლის შუქზე გვიანობამდე ვკითხულობდი, ვმოგზაურობდი  და  მივდიოდი აღმოჩენებზე, ახლა ის წლები ძალიან კარგად მახსენდება და ვფიქრობ რომ ბედნიერი ვარ რომ მე ეს ყველაფერი მქონდა და მაქვს…
12 წლიდან ჩემ ცხოვრებაში დაიწყო რთული პერიოდი, როცა გავუცხოვდი და ჩავიკეტე, სახლი, შიგადაშიგ სკოლა და ბიბლიოთეკა, აი მთელი ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იმ დროისთვის. მახსოვს მეცხრე კლასში ჩემი თავხედური საქციელი როცა ქართულის მასწავლებელს უარი ვუთხარი ვეფხისტყაოსნის პროლოგის მოყოლაზე იმ მოტივით რომ ”თქვენი ახსნილი ვეფხისტყაოსანი არ მომწონს, მეორეც ზუთხვა არ შემიძლია და ეგეც არ იყოს ‘’ჰარი მორგანს’’ ვკითხულობ და ხელს მიშლითთქო”.რა თქმა უნდა გამომაგდო გაკვეთილიდან და დღეს უკვე ჩემი ატესტატიდან თავმომწონდეც იცქირება ერთადერთი სამიანი რომელიც რა თქმა უნდა მეცხრეკლასელია :) მიხარია, რომ მაშინ ქალაბტონი ქეთევანის ახსნილი ფეხსიტყაოსანი არ მოვისმინე და არ ვისწავლე, თორემ სამუდამოდ ჩავეწერებოდი მის იმ მსხვერპლთა რიგებში რომლებიც ვერ იტანენ ამ გენიალურ პოემას და მხოლოდ იმიტომაა იგი ‘’ძლიერი’’  რომ ქართულია და შოთააა რა :)
ვინ არიან ისინი რომელთაც ხშირად, ორჯერ, სამჯერ და მეტჯერაც კითხულობთ? ჩემთვის დოსტოევსკი, კაფკა და რუსთაველია ასეთი, რუსთაველი ყველა ამინდში იკითხება თან ნებისმიერ დროს. დოსტოევსკის კიდევ განწყობა სჭირდება, კაფკას მხოლოდ შემოდგომობით ვკითხულობ, როცა გარეთ ცივა და მე ჩაის ვსვამ თან ფეხები ფანჯრის რაფაზე მაქვს შემოდებული და  აბსოლუტურ სიმშვიდეს ვგრძნობ, აი მხოლოდ ამ დროს ვართ მხოლოდ ჩვენ მე და კაფკა…
ორი დღის წინ თვალი გადავავლე ჩემ ბიბლიოთეკას და აღმოვაჩინე რომ ამდენ ბიჭებში მხოლოდ ორი გოგო მყავს, სიმონა დე ბოვუარი და ანა კორძაია-სამადაშვილი, გული დამწყდა და მომინდა რომ უფრო მეტი ‘’გოგო’’ მყავდეს თაროებზე, რომლებიც სამწუხაროდ ერთი თვის წინ ტრაგიკულად ჩამოვარდნენ ვეღარ გაუძლეს დატვირთვას და ესპანური ენის ლექსიკონი და რასელი ‘’შეიწირეს’’, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შევიძენ საკადრის წიგნის სათავსოებს სადაც თავს კარგად იგრძნობენ როგორც ისინი ასევე მეც მათი მოყვარული :)
ეს გამოცდობანა გვკლავს, მაგიტომაცგვიწევს პასიურობა :/
კიდევ ერთმა ბლოგერმა მოგვაწოდა თავისი ნააზრევი, რისთვისაც გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ მას :) აი სისცც :)
6.
- თინათინ ადექი!
- ოო, დედა მაცადე რააა..
- მთელი დღეა ერთი პოზა არ შე გიცვლია, ცოტახანი გაიარ-გამოიარე მაინც.
- ეე დეე კაი რაა, არც მშია, არც დავღლილვარ, რატომ უნდა ავდგე?
ტიპიურად ესეთი დიალოგები კომპიუტერს ეხება ხოლმე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე სხვანაირია. მე ვკითხულობ. დილას, შუადღეს, საღამოს, ღამე ფანრის შუქზე, მე სულ ვკითხულობ. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ძალიან მალე ვამთავრებ ამ წიგნებს და მერე ახლების მოძებნას დიდი ხანი ვანდომებ, იმიტომ რომ ყველა წიგნი არ მომწონს. ეს გასაკვირიც არაა, როგორ შეიძლება ადამიანს ყველფერი მოგწონდეს.
წესით ახალგაზრდისა და წიგნის ურთიერთობაზე უნდა ვწერდე და ამიტომ ამ თემას მივუბრუნდები. მართალია, რომ თინეიჯეერბი წიგნებს ნაკლებად ეტანებიან (რათქმაუნდა ყველაზე არ  მაქვს საუბარი) და კომპიუტერს არიან მიჯაჭვულები. ცოტა ხნის წინ, facebook-ზე წავიკითხე ესეთი რამ: “არ არსებობს ადამიანი, რომელსაც წიგნები არ უყვარს, მას უბრალოდ საყვარელი წიგნი არ აქვთ წაკითხული” ანუ არ მათ განუცდიათ ის გრძნობა, როცა “შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი.” მე კი ეს განმიცდია. ახალგაზრდების უმეტესობა თვლის, რომ წიგნის კითხვა სირცხვილია და მათ თვალში დაბლა ეცემი, მაგრამ ასე არ არის! იმიტომ, რომ შენ ბევრად მეტი იცი, მეტს აანალიზებ და მეტის გაგების უნდარი გაქვს. ვიღაც უცოდინარის სიტყვა არ უნდა გაშინებდეს, რადგან შენ მეტი მოგეთხოვება იმიტომ, რომ მეტი იცი და მხოლოდ შენი კი არა სხვისი გამოცდილებაც თან დაგდევს.
როგორც არ უნდა ვეცადო ამ ურთიერთობაზე საუბარს, მაინც სხვა თემებზე გადავდივარ. მოკლედ, ამ ტყუილ-უბრალო ლაპარაკს აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა განიცადო ის სიამოვნება, რასაც წიგნის კითხვა განიჭებს და იყო ბედნიერი რომ გაქვს საშუალება გაეცნო ხალხს, რომელებიც ვიღაცის წარმოსახვაში არსებობდნენ და შეიძლება ერთ დღეს შენ თავშიც გამოჩნდნენ ან სულ იყვნენ რადგან ყოველი მათგანი შენ ხარ.




2 comments:

  1. კიდევ არის კონკურსი? =))

    ReplyDelete
  2. კონკურსებზე ინფორმაცია სად უნდა ვნახოთ?

    ReplyDelete

გაგვიზიარეთ თქვეი აზრი – ჩვენ ეს გვაინტერესებს <3